მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთავში 1500, ხოლო ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსების აშენება იგეგმება - მგფ-მა პროექტირებაზე კონკურსები გამოაცხადა

რუსთავი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავსა და ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ორი სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.

კერძოდ, ერთი შესყიდვა, რომელიც კონკურსის წესით ჩატარდება, რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტის მომზადებას ითვალისწინებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 737 600 ლარია. საპროექტო არეალი შეადგენს 182 351 კვ.მ-ს.

მთლიანად პროექტის სამშენებლო ბიუჯეტი კი საორიენტაციოდ 60 000 000 ლარია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს საპროექტო შენობის სრული მოცულობის შესრულებას, ყველა საჭირო სამუშაოს, მასალის, აღჭურვის, შრომისა და შესაბამისი ხარჯების ჩათვლით, ღირებულება არ მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობას და გარე მოედნების მოწყობის თანხებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საბავშვო და ჩვეულებრივ აუზის, ასევე, ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, ფარიკაობის, ორთაბრძოლების და MMA დარბაზების მშენებლობას.

მეორე ტენდერის მიხედვით კი, ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტი უნდა მომზადდეს, რომლის სავარაუდო ღირებულება 4 773 214 ლარია. ამ შემთხვევაში საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართობი შეადგენს 28 755.00 კვ.მ-ს.

“სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტიპური სპორტული კომპლექსის და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ კომპლექსში შემავალი ძირითადი შენობების არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს, არამედ მათთან დაკავშირებული თანმდევი ინფრასტრუქტურის, მათ შორის: ღია მოედნების, სადგომების, განათების, უსაფრთხოების სისტემებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების სრულყოფილ დაგეგმარებას”, - წერია დოკუმენტაციაში.

ორივე კონკურსი 1 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები