მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში ჰაერის დაბინძურების დონე შემცირდა - ოთარ შამუგია

644149651d48d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 17:58
1008
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსთავში ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე შემცირდა - ამის შესახებ ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უწყების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისი თქმით, ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესება ამ მხრივ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორც ახალი რეგულაციების შემუშავების, ასევე მათი აღსრულების და კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.

„2022 წელს დასრულდა ქ. რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პირველი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. საერთო ჯამში გეგმის აქტივობები შესრულებულია 85%-ზე მეტით. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, გაუმჯობესება გვაქვს სამიზნე მაჩვენებლების ნაწილში, რაც გულისხმობს, რომ შემცირდა ქალაქში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე. ციფრებით რომ ვისაუბროთ, ქ. რუსთავში მოქმედი 18 მსხვილი სამრეწველო საწარმოდან ონლაინ მონიტორინგის სისტემაში რეგისტრირებულია ჯამში 10 საწარმო. გარდა ამისა, 3-მა მოქმედმა საწარმომ მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს და მიმდინარეობს სარეგისტრაციო პროცედურები. ეს ხაზგასმით წარმოაჩენს იმ რეგულაციების ეფექტიანობას, რაც მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა ქვეყანაში და რამაც უკვე კონკრეტული შედეგები გვაჩვენა მსხვილი სამრეწველო საწარმოების ტექნიკური გადაიარაღებისა და ჰაერის ხარისხზე უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის მიმართულებით.

ქ. რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმის ფარგლებში, ქ. რუსთავში მოეწყო/რეაბილიტირდა 12 რეკრეაციული ზონა საერთო ფართობით 146 ათასი კვადრატული მეტრი. ესეც უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სარეკრეაციო სივრცეების განვითარებაზე, რაც ასევე აუცილებელია, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად“, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ შამუგია აღნიშნავს, რომ რუსთავში ჰაერის ხარისხის მართვის ახალი გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.

„გვესმის, რომ ქალაქ რუსთავში ეკოლოგიური პრობლემები კვლავაც აქტუალურია. ამიტომაც ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მართვის ახალი გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს ახალ ღონისძიებებს ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. აგრეთვე, ევროკავშირის მხარდაჭერით დაწყებულია ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება ქალაქ თბილისისთვის“, - თქვა გარემოს დაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები