მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხი მწვავედ დგას“ - მინისტრის მოადგილე

6019331e54a20
ნუცა ბაზლიძე
06.02.21 14:30
2166
„ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ეს, ძირითადად, სამრეწველო საწარმოებს უკავშირდება. აქ სახელმწიფომ და ბიზნესმა გუნდურად უნდა ვიმუშაოთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. 

საქმე ისაა, რომ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, საქართველოში მოქმედ 85-მდე საწარმოს ავალდებულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებები აღრიცხოს და დანერგოს თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კერძო სექტორი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ ვადაში, ანუ 1 ივნისამდე ახალი მოთხოვნებისთვის მოსამზადებლად მზად არ არის და რეგულაციის ამოქმედების 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადებას ითხოვს, მაგრამ მთავრობა უარზეა.

ნინო თანდილაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული კონტროლის სისტემა, რათა ამა თუ იმ საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემო არ დაბინძურდეს და აღნიშნული მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახოს. "ამიტომ სახელმწიფო რიგ საწარმოებს ავალდებულებს, ჰქონდეს სათანადო ფილტრები და მონიტორინგის სისტემა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ: 2020 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა რუსთავის სამრეწველო ზონაში მდებარე ყველა უმსხვილესი საწარმოს სრული ინსპექტირებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავა. სამოქმედო გეგმის მიზანად ისახავს რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები