რუსთავში, ტექნო მუსიკის მსმენელებისთვის, პირველი ანდერგრაუნდი „METALURGIA“ იხსნება, რომელიც რუსთაველებს უალტერნატივო სივრცეს შესთავაზებს, სადაც კვირაში ერთხელ ელექტრონული მუსიკის მოსმენა იქნება შესაძლებელი.
მიწისქვეშა „METALURGIA“ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ახლოს, ბარ „თაობას“ ტერიტორიაზე მდებარეობს და სწორედ მის წარმომადგენლებს ეკუთვნის იდეაც, რუსთაველებისთვის ახალი სივრცის შეთავაზების შესახებ.
„რუსთავი არის რკინის და ბეტონის ქალაქი, ამიტომაც გვინდა, რომ ქალაქში, სადაც არაფერი ხდება, ეს სივრცე გახდეს ცვლილებების დასაწყისი. ჩვენი თვალით დანახულ რუსთავში უნდა იყოს ტექნომუსიკა, თავისუფლება და რუსთაველები ასოცირდებოდნენ ყველაზე „მეტალურგ“, ყველაზე „რეივ“ და თავისუფალ ახალგაზრდებთან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „METALURGIA“ -ში მხოლოდ რუსთაველებს ველოდებით. ეს სივრცე სხვებისთვისაც ძალიან მიმზიდველი და საინტერესო გახდება. რაც შეეხება სახელს, ესეც ძალიან სიმბოლურია. რუსთავი აშენდა ერთი დიდი ქარხნის გამო და ახლა გვინდა, რომ პირიქით მოხდეს, „METALURGIA“ შეიქმნას რუსთავისთვის“, - აღნიშნავს BM.ge-სთან საუბარში ანდერგრაუნდის ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ქირია.
მისივე თქმით, „METALURGIA“ ტექნო მუსიკის მსმენელებს 21 დეკემბრიდან ელოდება.