26 ოქტომბერს კომპანია „ლუკა 2005“-მა რუსთავის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვების 2.98 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო.
ის ამ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ევალება რუსთავში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (სულ 2 200 ბენეფიციარი) ყოველდღიური ერთჯერადი კვების მომსახურება. ეს მომსახურება კომპანიამ მერიას 2026 წლის ნოემბრიდან 2027 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს. ჯამში საუბარია ქალაქის მასშტაბით 4 უფასო სასადილოზე.
ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაცული უნდა იყოს სეზონური მენიუები (ზამთრისა და ზაფხულის) ისე, რომ დღიური რაციონის ენერგეტიკულობა თითოეულ პირზე არ იყოს 1500 კკალ-ზე ნაკლები.
ამას გარდა, საკვები სურსათის ეროვნული სააგენტოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანიტარულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. კომპანიას ასევე ევალება ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულზე ბენეფიციარებისთვის სასაჩუქრე სურსათისა და პროდუქტების პაკეტების დარიგება.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ლუკა 2005“ 100%-იანი წილის მფლობელი იაშა ჩაჩუაა. ის ასევე არის „ილი ჯგუფის" 71%-იანი წილის მფლობელი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სისტემატური დარღვევების გამო პატიმრების კვების ხელშეკრულება შეუწყვიტა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოდან რუსთავის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფის შვიდივე ტენდერი ჩაჩუას კომპანიებმა მოიგეს. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 15.5 მილიონი ლარია. პირველ ოთხ ტენდერში შპს „ილი ჯგუფმა“ გაიმარჯვა (2021-2023 წლებში), ბოლო სამში კი – შპს „ლუკა 2005“-მა (2024-2026 წლებში). შეიცვალა კომპანია, თუმცა მფლობელი იგივე დარჩა იაშა ჩაჩუა.























