მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსულ ნავთობზე EU-ს შესაძლო ემბარგო ყველას დაარტყამს“ - პუტინის პრესმდივანი

623881ac3e7e9
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 18:00
3240
კრემლში ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობები შეაფასეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლო გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში და ყველაფერს დაარტყამს. წერს Tass-ი.

„სინამდვილეში რამდენადაც ვიცით, ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს საკითხი აქტიურად განიხილება. ეს რთული საკითხია, რადგან ამგვარი ემბარგო ზოგადად მსოფლიო ნავთობის ბაზარზე სერიოზულ გავლენას მოახდენს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ამ სახის სანქციების ამოქმედების შესაძლებლობას შეეხებოდა.

კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება „ევროპის კონტინენტის ენერგობალანსებზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ამასთან, ამერიკელებს თავისი ნავთობი ექნებათ და იმაზე კარგად იგრძნობენ თავს, ვიდრე ევროპელები. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დაარტყამს“, - თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამას გარდა, ევროგაერთიანება რუსეთისთვის სანქციების მე-5 პაკეტზე მუშაობს, რაზეც გასულ კვირაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც წერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები