დროებით ოკუპირებული აფხაზეთი მზადაა, რუსული საკრუიზო ლაინერი, Astoria Grande სოხუმში მიიღოს და რუს ტურისტებს თბილად დახვდეს, - შესაბამის განცხადებას TASS-ი დე ფაქტო პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი", Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი”, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბათუმში ლაინერის შესვლის შემდეგ გამართულ აქციას შეეხებოდა.
31 ივლისს ბათუმის პორტში რუსული ლაინერი შემოვიდა, რომელმაც ქვეყანაში რუსი ტურისტები შემოიყვანა. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. აქცია 30 ივლისს ღამით დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ლაინერმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე, დაგეგმილზე ორი საათით ადრე 20:00 საათზე დატოვა.
Astoria Grande ბათუმში ტურებს აღარ გეგმავს. როგორც კომპანიაში BMG-ის განუცხადეს, აგვისტოდან დაგეგმილ ტურებში აჭარა გათვალისწინებული არ იყო და ბათუმი აქამდე დამატებით მარშრუტად იყო ჩასმული.