უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულ სამხედრო ფლოტს ოჩამჩირეშიც მისწვდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყირიმზე სრული საცეცხლე კონტროლისთვის უკრაინას ჯერ არ მიუღწევია, თუმცა შედეგი მალე დადგება.
"რუსეთის საზღვაო ფლოტს დასავლეთ შავ ზღვაში ოპერირება აღარ შეუძლია და ყირიმიდან თანდათან გარბის. ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, შავი ზღვის ფლოტისთვის, უფრო სწორად, მისი ნარჩენებისთვის, ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოეცხადებინა. ანუ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისაგან, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გამოეხმაურა. ასლან ბჟანიას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის კავკასიაში ომი უნდა.
"აშკარაა, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლიანი ომის გაჩაღება სურთ. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია გაზარდოს და რუსეთის გარშემო “დესტაბილიზაციის სარტყელი” შექმნას. მათ არ აღელვებთ, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპონ”, – ამბობს ბჟანია.
ცნობისთვის, რუსეთი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მოწყობას აპირებს. ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ასლან ბჟანიამ თქვა, რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მუდმივი ბაზა ოჩამჩირეში შეიქმნება.