კარკასული ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელი ქართული კომპანია kohi.ge აპირებს, რომ წარმოების სრულ ციკლში ქართული მასალა გამოიყენოს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ოქსანა ლომიძე ამბობს, რუსულ ხის მარაგები ამოეწურათ, ამასთან რუსეთმა მასალების გატანაზე მკაცრი რეგულაციები დააწესა.
„რუსულ ხეს დღეს თითქმის აღარ ვიყენებთ, მარაგები, რაც გვქონდა ამოიწურა, რუსეთმა კი მასალების გატანაზე ძალიან მკაცრი რეგულაციები დააწესა, ამ ეტაპისთვის ბელარუსისა და უკრაინის ხე-ტყეს მოვიხმართ, საბოლოოდ ვაპირებთ წარმოების სრულ ციკლში ქართული ნედლეული გამოვიყენოთ, გვაქვს სპეციალური დანადგარები, რომლითაც მრავალფეროვანი მასალის გაკეთება შეგვიძლია, ახლა ქართულ ხე-ტყით, ტერასებს, მოაჯირებს ვამზადებთ“- განმარტავს ოქსანა ლომიძე.
kohi.ge უახლოეს მომავალში თბილისში ახალ, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ქარხანას გახსნის, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საწყის ეტაპზე დაახლოებით 50-60 ადამიანს დაასაქმებს.
ცნობისთვის, კომპანია ხის კოტეჯების ფინური მეთოდით აწყობითაა დაკავებული. kohi.ge-ს საწარმო სენაკშიც აქვს. აქამდე წარმოების პროცესი თბილისში, მცირე ზომის საამქროში მიმდინარეობდა.