რუსეთის მიერ 3 ნოემბერს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილმა მასშტაბურმა იერიშმა კიევში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ წყალმომარაგების ყველაზე ხანგრძლივი შეწყვეტა გამოიწვია.
The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის შედეგად დედაქალაქის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე 24 საათზე მეტხანს დარჩა. შეზღუდვები ქალაქის თითქმის ყველა რაიონს, მათ შორის ცენტრალურ ნაწილსაც შეეხო.
აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბრის იერიში მიმდინარე წელს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა აღმოჩნდა, რამაც დედაქალაქში ელექტროენერგიის მასობრივი დეფიციტი შექმნა. როგორც ირკვევა, კიევის ცენტრალიზებული ქსელი წყლის გადასაქაჩად სრულად ელექტროენერგიას ეყრდნობა.
დედაქალაქის წყალმომარაგების კომპანია Kyivvodakanal-ის განცხადებით, თავდასხმამ 3 ნოემბერს სისტემის მუშაობა სრულად შეაჩერა. კომპანიის სპეციალისტებმა ქსელის სტაბილიზაცია და მილსადენებში წნევის დარეგულირება 4 ნოემბრის მეორე ნახევარში შეძლეს, თუმცა სისტემის წყლით შევსებას და მომხმარებლებისთვის მიწოდების განახლებას დამატებით რამდენიმე საათი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ თუ წარსულში მსგავსი თავდასხმების შემდეგ შეფერხება მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდებოდა, ამჯერად პროცესი მთელი დღით გაჭიანურდა.
ენერგეტიკული ინდუსტრიის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ოლექსანდრ ხარჩენკოს განმარტებით, დედაქალაქის სისტემის მოწყვლადობა იანვრის თავდასხმების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. მან განმარტა, რომ მაშინ რუსულმა იერიშებმა კიევის სამი თბოელექტროცენტრი მწყობრიდან გამოიყვანა. შედეგად, წყალსაქაჩი სადგურებისთვის ალტერნატიული ენერგიის მიწოდების შესაძლებლობა ქალაქმა სრულად დაკარგა.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დარგის სპეციალისტები მოსახლეობას სასმელი წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდებენ. დედაქალაქის ადმინისტრაციამ კი მოქალაქეებისთვის გენერატორებზე მომუშავე საზოგადოებრივი ჭაბურღილების სპეციალური რუკა გამოაქვეყნა.
























