საერთაშორისო სანქციებისა და გაუარესებული ფინანსური შედეგები ფონზე, უმსხვილესი რუსული კომპანიები წელს ინვესტორებზე მოგების განაწილებისაგან თავს შეიკავებენ. როგორც ცნობილია, ენერგეტიკული კომპანია Gazprom-ი და სამთო მოპოვების ინდუსტრიის გიგანტი Nornickel-ი წლის ბოლოს აქციონერებზე დივიდენდებს არ გაანაწილებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ 1999 წლის შემდეგ პირველად, გასულ წელს Gazprom-სა და Nornickel-ს ფინანსური ანგარიშგების დახურვა ზარალით მოუწიათ და დიდი ალბათობით, 2024 წელიც ანალოგიური შედეგით დასრულდება.
როგორც Nornickel-ის გენერალური დირექტორი ვლადიმირ პოტანინი ამბობს, კომპანიის ინვესტორებს მოთმინება მართებთ, რადგან დივიდენდის გაცემის შესაძლებლობა კომპანიას ამჟამად ფიზიკურად არ აქვს. მილიარდერი ოლიგარქი იმასაც ამბობს, რომ 2025 წელი გაცილებით უკეთესი იქნება, ამიტომ Nornickel-ის აქციონერებმა იმედები არ უნდა დაკარგონ და სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში დივიდენდების გაცემა შეწყვიტეს სხვა მსხვილმა რუსულმა კომპანიებმაც, რაც როგორც ფინანსური შედეგებით, ასევე უშუალოდ მთავრობის დავალებითაა განპირობებული, რომელმაც კომპანიებს მოუწოდა, მოგების განაწილება შეეწყვიტათ და დაგროვილი თანხით რეზერვები შეევსოთ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 2021 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, Gazprom-ის საბაზრო შეფასება 70%-ითაა შემცირებული და მისი კაპიტალიზაცია ამჟამად $25 მილიარდს შეადგენს, რაც 10-წლიანი მინიმუმია.
Nornickel-ის შემთხვევაში ვარდნის მაჩვენებელი 73%-ს აღწევს, ხოლო კაპიტალიზაცია $14 მილიარდამდეა შემცირებული. ცხადია, ორივე კომპანია დასავლეთის მიერ სანქცირებულია.