პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვა იურიდიულ კომიტეტიდან დეპუტატების გაძევების რეჟიმში მიმდინარეობს.
კომიტეტი დილიდანვე დაატოვებინეს გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, ლევან ხაბეიშვილს, თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, თაკო ჩარკვიანს, ანი წითლიძეს, ქეთევან თურაზაშვილს.
გარდა ამისა, "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ის პროტესტის ნიშნად დატოვებდა კომიტეტის სხდომას, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მას მიმართა და უთხრა, რომ სანამ ხვიჩია დატოვებდა დარბაზს, ის უშვებდა რეგლამენტის წესის დარღვევის გამო.
"რეგლამენტის დარღვევის უფლებას არ მოგცემთ არავის. იციან, რომ რეგლამენტს არღვევენ, მაგრამ აგრძელებენ სიტყვებით მანიპულაციას. ეს პროვოკაციები მოსალოდნელი იყო", - განაცხადა ოხანაშვილმა, რომელიც დეპუტატებს მიკროფონს პერიოდულად უთიშავდა და აცხადებდა, რომ ისინი რეგლამენტს არღვევენ.
გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილმა დარბაზი დაატოვებინა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანს, ლიკა საჯაიასაც. "უზრდელი ხართ", - ასე მიმართა ანრი ოხანაშვილმა საჯაიას.
ცნობისთვის, "რუსული კანონის" განხილვა მეორე მოსმენით კომიტეტზე პერიოდულად ხმაურით მიმდინარეობს.
კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.