მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[რუსული კანონის] რეესტრში არ დარეგისტრირება, ჩვენ საქმიანობაში ძალიან დიდ რისკებს და სირთულეს ქმნის - ISFED

ლევან ნატროშვილი

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ რისკების შესახებ საუბრობს, რომელიც მათი [რუსული კანონის] რეესტრში არ დარეგისტრირებას შეიძლება გამოიწვიოს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მათი გეგმა წინასაარჩევნო მონიტორინგის, არჩევნების პროცესის მონიტორინგისა და არჩევნების შემდგომი მონიტორინგის დაგეგმვის გარშემო მიმდინარეობს.

„ცხადია [რუსული კანონის] რეესტრში არ დარეგისტრირება ჩვენ საქმიანობაში ძალიან დიდ რისკებს და სირთულეს ქმნის. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვათ, რომ რაც გვაქვს დაგეგმილი, წინა საარჩევნო მონიტორინგი, არჩევნების მონიტორინგი და არჩევნების შემდგომ, პროცესების მონიტორინგი, ჯერჯერობით გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. შეფერხებები არ გვაქვს, მაგრამ ამ კანონს აქვს პოტენციალი, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად შეგვაფერხოს. იქიდან გამომდინარე, რომ ISFED არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი შეფერხება ადგილობრივი ორგანიზაციების მიმართ დაკვირვების პროცესს მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს.

რა არის აქ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, პირველ რიგში, ჩვენ არ ვიცით როდის ექნება იუსტიციის სამინისტროს ნება, რომ ჩვენამდე მოვიდეს და ჩვენი საკითხი შეისწავლოს. როგორ წარიმართება პროცესები არ ვიცით და თეორიულად ეს შეიძლება წინა საარჩევნო პერიოდშიც მოხდეს. ამ ეტაპზე, შემიძლია თქმა, რომ ჩვენთვის არ მოუმართავს, მაგრამ მოლოდინი მუდმივად გვაქვს.

მეორე საკითხი, ეს არის მსუსხავი ეფექტის საკითხი. ის შეზღუდვები, სანქციების რისკები, რაც არსებობს ჩვენს მიმართ, ასევე ის რიტორიკა, რასაც მმართველი პარტიის ლიდერებისგან ყოველდღიურად ვისმენთ, ჩვენს ორგანიზაციას სახელობითად ახსენებენ ხოლმე, ხშირად. ფაქტობრივად, ეს შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მუქარად იყოს აღქმული. მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სურთ არჩევნებს დააკვირდნენ, ჩვენ მოგვმართავენ ხოლმე როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიანი არჩევნების დღის დაკვირვებისთვის. ეს შეიძლება მათთვის მსუსხავი ეფექტის მქონე იყოს და თავი შეიკავონ“,- აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები