მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული მართვის მოწმობა, მოქალაქეობა და ელექტროენერგია - რა სთხოვა გუნბამ პუტინს და რა პასუხი მიიღო?

რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 მარტს კრემლში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ახალ პრეზიდენტს ბადრა გუნბას შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში პუტინმა გუნბას ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობებია და მათ იმ პრობლემებზე, რომლებიც აფხაზეთის მცხოვრებლებს აწუხებთ, ერთობლივად უნდა იმუშაონ.

თავის მხრივ ბადრა გუნბამ პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რამდენიმე თხოვნით მიმართა. პირველი ენერგეტიკას შეეხებოდა. ე.წ. პრეზიდენტმა პუტინს ჰუმანიტარული ელექტროენერგიის აპრილამდე მიწოდება სთხოვა.

„თქვენი პირადი მხარდაჭერით, აფხაზეთის ენერგოსისტემის მხარდაჭერა ხდება. მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, რომ გასული წლის ბოლოს ენერგოდეფიციტის გამო, აფხაზეთი იძულებული ელექტრომომარაგება დღე-ღამეში 11 საათამდე შეემცირებინა. თქვენი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ ენერგოდეფიციტის პრობლემის გადაწყვეტა შევძელით.

თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ იქამდე მივედით, რომ ჰუმანიტარული ელექტროენერგიის ნაკადი, რომელიც აფხაზეთს მიეწოდებოდა, პრაქტიკულად ამოწურულია. გამოვიყენებ შემთხვევას და მოგმართავთ, რომ მხარდაჭერა ენერგოდეფიციტის დასრულებამდე გაგრძელდეს, ეს საორიენტაციოდ აპრილის შუა პერიოდია... აფხაზეთში უზრუნველყოთ დამატებითი ჰუმანიტარული ნაკადები, რათა ჩვენთან არსებული მძიმე პრობლემები გადავწყვიტოთ“, - განაცხადა გუნბამ.

ამ თხოვნაზე პუტინმა უპასუხა, რომ ყველაფერს გააკეთებენ.

კიდევ ერთი საკითხი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის [აფხაზეთის და რუსეთის] მიღებას შეეხებოდა.

„[რუსეთის მოქალაქეობის აღების] შეთანხმების ძირითადი პროცედურები გავლილია და მისი რატიფიცირება ჩვენს პარლამენტებში მოხდა. რჩება მექანიზმის განსაზღვრა, რომელიც აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის, ანუ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს.

იცით, რომ თქვენი მხარდაჭერის წყალობით, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 70%-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. არიან ადამიანები, რომლებმაც ამ შესაძლებლობით სარგებლობა ვერ მოასწრეს, და თუ ასეთი შესაძლებლობა არის, გვინდა, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს“, - განაცხადა ბადრა გუნბამ.

ამაზე ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ პროგრამა გაგრძელდება. „პრინციპში, ის მომზადებულია და ჩვენ მის განხორციელებას გავაგრძელებთ. შესაბამის ბრძანებას კოლეგებს გადავუგზავნი და ისინი თქვენთან ერთად დაამუშავებენ საკითხებს, რომელიც დიდ ყურადღებას საჭიროებს. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ სამუშაოს“, - უთხრა მან გუნბას.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე დადებითი პასუხი მიიღო, აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით. ეს მესამე საკითხია, რაც ბადრა გუნბამ ვლადიმერ პუტინს სთხოვა.

„პირველი აპრილიდან ძალაში ახალი კანონი შედის, რომლის მიხედვითაც ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც რუსული მართვის მოწმობა არ აქვთ, აფხაზეთის საზღვარს ავტოტრანსპორტით ვერ გადმოკვეთენ. არის თუ არა ასეთი შესაძლებლობა, რომ აფხაზეთთან მიმართებით ამ კანონის ამოქმედების ვადა 2 წლით გადავადდეს. ჩვენს მოქალაქეებს ამ პერიოდში ავუხსნიდით ავტომობილის მართვის რუსული ლიცენზიის აღების მნიშვნელობას და გადავწყვეტდით იმ პრობლემას, რომელსაც ისინი აწყდებიან“, - მიმართა თვითაღიარებული რესპუბლიკის ახლად არჩეულმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა პუტინს.

ყველა ამ საკითხზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები