რუსული მედია სოჭში, აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტის შესახებ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, რიგ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მიწოდება შეზღუდულია, რის გამოც მძღოლებს ხანგრძლივ რიგებში დგომა უწევთ.
რუსული გამოცემა Pravda.ru-ის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარება კრასნოდარის მხარის ცალკეულ რაიონებში და აფხაზეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზეა. ავტომაგისტრალზე მდებარე ავტოგასამართ სადგურებთან რიგების სიგრძე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე კილომეტრს აღწევს.
გამოცემის ცნობით, რიგ შემთხვევებში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მარაგი სრულად ამოიწურა, ხოლო მოქმედ სადგურებზე არსებული მარაგი რამდენიმე საათში იწურება. მათივე ინფორმაციით, საწვავის დეფიციტი აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონებშიც ფიქსირდება, სადაც რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაიხურა, ნაწილი კი შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს.
მძღოლების განცხადებით, ცალკეულ სადგურებზე საწვავის გაცემაზე ლიმიტებიც დაწესდა. გავრცელებული ცნობებით, ერთ ავტომობილზე შესაძლოა 10 ლიტრამდე საწვავის გაცემა იყოს შესაძლებელი, ხოლო რიგში ლოდინის დრო ოთხ საათს აღწევდეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვითარების დასტაბილურებისთვის დამატებითი საწვავის მიწოდების ორგანიზებაზე მუშაობენ. ამასთან, საწვავით მომარაგების სრულად აღდგენის კონკრეტული ვადა ამ ეტაპზე უცნობია.
12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.
13 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულება, რომელიც პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს "სოლიდუსს". დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება სწორედ სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიას შეუძლია.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტის გამწვავების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებულმა სპეციალური სტატუსის მქონე კომპანია „სოლიდუსმა“ ბოლო დღეების განმავლობაში, ოკუპირებულ რეგიონში 400 ტონა საწვავი გაყიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი არველაძე ამბობს, ეს აფხაზეთში საწვავის გაყიდვის პირველი შემთხვევა იყო და მოთხოვნის არსებობის პირობებში, საწვავის მიწოდებას გააგრძელებს.




























