ესტონური გამოცემა Delfi25-ის ინფორმაციით, ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუს) დეპუტატთა ნაწილი ესტონეთი-საქრთველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელის, ლაური ლააცის გადაყენებას ითხოვს, რადგან იგი მხარს უჭერს რუსული საგარეო პოლიტიკის ნარატივებს და პარლამენტში "ქართული ოცნების" ენით საუბრობს.
ესტონურ მედიასთან ინტერვიუში, დეპუტატი ანდო კივიბერგი, რომელიც იურიდიული კომიტეტის წევრია, აღნიშნავს, რომ ლააცი პარლამენტში კრემლის ხედვებს ავრცელებს და თანამეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციიდან უნდა გადააყენონ.
"ვითრება საქართველოში ძალიან ჩახლართულია. მშვიდობიან მომიტინგეებსა და ოპოზიციის ლიდერებს სცემენ, აკავებენ, აწამებენ და აიძულებენ დუმილი შეინარჩუნონ. ასევე, ბოლო დროს მმართველმა პარტიამ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი შეაჩერა.
ამის პარალელურად, ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის გუნდი ცენტრისტული ფრაქციის ხელმძღვანელის, ლაური ლააცის მიერ იმართება, რომლის საქართველოსთან დაკავშირებული სიტყვით გამოსვლები აშკარად ეფუძნება საქართველოს მმართველი პარტიის ხედვას. პარტიის, რომელმაც დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯები და ქვეყანაში ხანგრძლივი, მასობრივი პროტესტი გამოიწვია", - განაცხადა ანდო კივიბერგმა.
იგი მიიჩნევს, რომ გზავნილი, რომლებსაც ლააცი აჟღერებს, სინამდვილეში რუსულ ინტერესებს ემსახურება, რის გამოც რიგიკოგუს წევრების ინიციატივით, თანამეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციაზე ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
"პარლამენტის იმ წევრთა ინიციატივა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ მისწრაფებებს, ახალი არჩევნების ჩატარებაა, რათა ესტონურ პარლამენტს მხარი დაუჭიროს ქართველმა ხალხმა და არა საქართველოს მმართველმა პარტიამ", - ამბობს დეპუტატი.
როგორც კივიბერგი Delfi25-თან აცხადებს, დემოკრატიულმა ქვეყნებმა საქართველოს ზურგი არ უნდა სეაქციონ, რადგან ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებს არგებს.
მედიის ცნობით, პარლამენტში დეპუტატთა ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა უცნობია, ზუსტად როდის განიხილავს მას რიგიკოგუ.