"ობიექტურად რომ გითხრათ, რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომ იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის"-ასე პასუხობს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" რუსული კომპანიისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
"ჩვენ ღია საუბარი გვახასიათებს. ვადასტურებ, რომ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია ნამდვილად ბაზრის ლიდერია, მაგრამ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს კომპანია იყიდება, ჩვენ არ ვადასტურებთ. "ვისოლ ჯგუფის" მიზანი საშუალოვადიან პერიოდში გამსხვილებაა, რაც არ გამორიცხავს ჩვენს გაერთიანებას ბაზარზე მოქმედ პატარა თუ მსხვილ სუბიექტებთან, რაც ბიზნესის წარმოების ჩვეულებრივი პრაქტიკაა და აქ არაფერია განსაკუთრებული"-აცხადებს ფხაკაძე.
ის ამბობს, რომ არ არის პოლიტიკოსი და საკითხს როგორც ბიზმესმენი, ისე აფასებს. ფხაკაძის თქმით, ქვეყანაში რუსული კომპანიების მხრიდან მონოპოლიის საფრთხე არ დგას.
„ მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ბიზნესის ენაზე გპასუხობთ, რომ არის სტრატეგიული აქტივები, რომელებთან მიმართებაშიც საფიქრალია, ვინ იქნება მათი მფლობელი. რასაკვირველია, ჩვენ პირველ რიგში ქვეყნის მთლიანობა გვაწუხებს. ამაზე საუბარი არ არის. თუ ჩვენ გავმსხვილდებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყნის ეკონომიკას. რაც შეეხება რუსული კომპანიების მონოპოლიის საფრთხეს, საერთოდ მონოპოლია ყოველთვის საფრთხეა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს" - აცხადებს სოსო ფხაკაძე.
"ვისოლ ჯგუფმა" აღნიშნულ საკითხზე დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
"არ ვადასტურებთ გავრცელებული ინფორმაციის იმ ნაწილს, რომ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ იყიდება. უფრო მეტიც, ვაცხადებთ, რომ ამ ინდუსტრიიდან გასვლას არ ვაპირებთ და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ჩვენი ჯგუფის ინტერესია ბიზნესის გამსხვილება, რის გამოც, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ ბაზარზე მოქმედ პატარა თუ მსხვილ სუბიექტებთან გაერთიანებას, რაც არის ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და წარმოების ჩვეულებრივი პრაქტიკა"-ნათქვამია "ვისოლ ჯგუფის" განცხადებაში.

























