ჰოლანდიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ჰანიველ პარტნერსის“ პარტნიორის, ირაკლი რუხაძის სარჩელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამ სარჩელში ირაკლი რუხაძე მის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა.
ირაკლი რუხაძის ჰოლანდიელმა ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ტელეკომპანია “იმედი“ ავრცელებს.
„ბატონი ირაკლი რუხაძე ღრმად არის იმედგაცრუებული და გაკვირვებული ჰოლანდიის სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის წინასწარი განხილვის შედეგებით, იმ პირადი და შეურაცხმყოფელი თავდასხმების გათვალისწინებით, რაც მასზე ხორციელდებოდა და რომელსაც არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.
ვინაიდან ეს იყო მხოლოდ წინასწარი განხილვა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას არ შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ბრალდებების უკანონობაზე. თუმცა სასამართლოს არ უთქვამს, რომ სააკაშვილის ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება. პირიქით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს მან მიხეილ სააკაშვილის პირადი მოსაზრება უწოდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბატონი სააკაშვილი პოლიტიკოსია და ბატონი რუხაძე საჯარო პირი, რომელმაც უფრო მეტი კრიტიკა უნდა აიტანოს. ვინაიდან ეს იყო წინასწარი მოსმენა, ირაკლი რუხაძე განიხილავს საქმის არსებითი განხილვის მოთხოვნას და ასევე, სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლოს გაადწყვეტილებას საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე დღეს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.
„ივანიშვილის მთავარმა ოლიგარქიულმა დასაყრდენმა რუხაძემ, მთლიანად წააგო მისი სარჩელი ჩემს წინააღმდეგ ჰოლანდიურ სასამართლოში.
აი,ასეთია განსხვავება ევროპულ სასამართლოსა და ბიძინას სასამართლოს შორის.
ჰოლანდიელ მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ ერთი სხდომა, რათა ყველაფერში გარკვეულიყო. სასამართლომ ის აღიარა საჯარო პოლიტიკაში ჩართულ პირად და უარყო ის მტკიცება, თითქოს ,ის მხოლოდ კერძო ბიზნესშია. ამ გადაწყვეტილებით,პრაქტიკულად,დამტკიცდა ქართული პოლიტიკის ოლიგარქიული ხასიათი“,- წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკზე.
მიმდინარე წელს მიხეილ სააკაშვილმა არაერთ კრიტიკული განცხადება გააკეთა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკირების და მათი მფლობელების მიმართ. მათ შორის ის საუბრობდა ირაკლი რუხაძეზეც.
„საქართველოში ივანიშვილი გარიგდა TBC ბანკთან, რომლის 25 პროცენტი, როგორც ვიცით, წამოიღო თავად ივანიშვილმა და TBC ბანკთან ერთად, მაგალითად, ახლა ანადგურებს თბილისის ცენტრს, გაანადგურა ლაზიკის პროექტი იმიტომ, რომ რასაც ისინი აკეთებენ ახლა ლაზიკაში, ანაკლიის პორტში, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც ჩვენ დავიწყეთ. ამათ შექმნეს თავისი ბანკის კანტორა. ამავე გარიგებაში შემოყავთ პატარკაციშვილების კარის მოლარე, საერთაშორისო აფერისტი...წამოიღეს სოსიეტე ჯენერალი, უერთებენ ბანკებს და პრაქტიკულად, სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. ეს სამი ადამიანია თითოეული თქვენგანის ბიუჯეტის მტერი და მე ვიტყოდი, რომ საქართველოს მტერი, რადგან ისინი არიან მევახშეები და ანადგურებენ ქვეყნის ეკონომიკას, ისინი შედიან ყველა ბიზნესში, ადებს ბიზნესმენს ვალს და ყევლაფერს იდებენ ჯიბეში. ამის მშევებით კი შემოდის თითოეული თქვენგანის ოჯახში. მთელი საქართველო ხდება მთავარი მევახშის და მასთან შეკრული მევახშეების აკუთრება, ჩვენ გვპარავენ მომავალს და საქართველო რჩება პერსპექტივის გარეშე“ - განაცხადა აპრილში მიხეილ სააკაშვილმა.

























