დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის პილოტები სექტემბერში ხუთ დღიან მასობრივ გაფიცვას აანონსებენ.
პროტესტი ამჯერად ესპანეთის მასშტაბით გაიმართება. ესპანეთის ავიაპილოტების პროფკავშირების (SEPLA) ცნობით, გაფიცვის მიზეზი ქვეყანაში კომპანიის რამდენიმე ბაზის დახურვაა. ამ ფაქტს ათობით პილოტი 2-6 სექტემბერს გააპროტესტებს, შესაბამისად აღნიშნულ დღეებში ესპანეთში ჩამავალი და ესპანეთიდან მიმავალი Ryanair-ის რეისები გაუქმდება.
კომპანია Ryanair-მა ესპანეთში ლას-პალმასში, სამხრეთ ტენერიფში, ლანსაროტსა და ჟირონაში, ასევე პორტუგალიის ქალაქ ფაროში, 2020 წლია 1-ლი იანვრიდან ბაზების დახურვის გადაწყვეტილება გასულ კვირას გაახმაურა. ესპანური გამოცემების ცნობით, შედეგად 100 -ზე მეტი მფრინავი სამსახურის გარეშე რჩება.
შეგახსენებთ, რომ Ryanair-მა საქართველოში შემოსვლის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. კომპანია 2019 წლის 6 ნოემბრიდან პირველ ფრენებს საქართველოდან საფრანგეთსა და იტალიაში განახორციელებს. სამომავლოდ კი მიმართულებების გაფართოებასაც გეგმავს.

























