როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროპა deep state-ია, ბუნებრივია, ევროპელი, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, მიდიან ისეთ ქვეყნებში, სადაც ასეთი დამოკიდებულება არაა - ამის შესახებ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს.
როგორც ნატალია ბახტაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველო ევროპაში რეკომენდებული ქვეყნების სიაში არ ხვდება. მისი თქმით, უკვე აშკარაა, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების სეგმენტი იცვლება, მცირდება მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების რიცხვი და მოსალოდნელია, რომ ეს უფრო მეტად ზაფხულის სეზონზე გამოჩნდება.
“როდესაც ქვეყანაში გარკვეულ რყევებს ვქმნით, ეს, პირველ რიგში, ტურიზმზე აისახება. როდესაც ქვეყანაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპა deep state-ია და არ გვინდა ევროპა, ბუნებრივია, ევროპელი, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, თავს იკავებენ და მიდიან ისეთ ქვეყნებში, სადაც ასეთი დამოკიდებულება არაა. საქართველო არ ხვდება ევროპაში რეკომენდებული ქვეყნების სიაში, სად უნდა წავიდეს ტურისტი. შესაბამისად, ეს აისახება იმ სეგმენტზე, ვინც საქართველოში ჩამოდის.
ეს განსაკუთრებით, სვანეთის და თუშეთის სეზონს დაეტყობა, ასეთი აქტიური დასვენება ძირითადად დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტურისტებს უყვართ. ზაფხულში უფრო დაეტყობა, რამდენად “განწირულები” ვართ ევროპისგან, ტურისტების სეგმენტი ცალსახად იცვლება”, - განაცხადა ნატალია ბახტაძემ.




























