მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტო გერმანიაში დასაქმებული ქართველების შრომის პირობებზე: "დამსაქმებელმა ხელშეკრულება დაარღვია"

60a4f66ad73bb
ინგა მურუსიძე
19.05.21 15:36
1747
გერმანიაში ლეგალურად დასაქმებული ქართველების ნაწილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მძიმე პირობებში იმყოფება. მოქალაქეები თავად ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც ყვებიან, რომ ხელფასს გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე დაპირება იყო, სამუშაო საათები დაპირებულზე ნაკლებია და ა.შ. ისინი გავრცელებულ ვიდეოში საუბრობენ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

ბრალდებებს უპასუხა დღეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა. მისი თქმით, როგორც კი სააგენტოში პირველი შეტყობინება შევიდა არაჯეროვან სამუშაო პირობებზე, საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა დაიწყო.

„სამუშაო პირობების გამოსწორება უკვე დაწყებულია. სამუშაო პირობები და ხარვეზები, რაც ადგილზე მოქალაქეებს დახვდათ, სწორდება. დამსაქმებელმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დაიწყო. ჩვენმა მოქალაქეებმა ეს დაგვიდასტურეს. თუ რომელიმე დამსაქმებელი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ქართული და გერმანული მხარისგან აუცილებლად მოხდება პროცესებში ჩართვა, ამას შეთანხმება ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს სხვა სამსახურებში გადავანაწილებთ“, - განაცხადა ველთაურმა.

რაც შეეხება მოქალაქეების ბრალდებას იმის შესახებ, რომ დასაქმების სააგენტომ მათ წუხილებს არ უპასუხა, ველთაური პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოქალაქეები მუდმივ კონტაქტზე არიან სააგენტოსთან.

გარდა ამისა, ნინო ველთაურის განმარტებით, სამუშაო კონტრაქტებში გაწერილია სამუშაო საათების ზუსტი დრო და ანაზღაურება 9,5 ევროს ოდენობით.

მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ სამუშაო კონტრაქტები აეროპორტში, გაფრენისას გააცნეს, თუმცა ნინო ველთაურის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მოქალაქეები წასვლამდე გადიან ტრენინგებს, სადაც დეტალურად განემარტებათ კონტრაქტები, რომელიც დამსაქმებელთან ფორმდება.

დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჯგუფი, რომელსაც პრობლემა შეექმნა მეოთხეა, ხოლო მანამდე წასულ 3 ჯგუფს არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

რაც შეეხება ორ მოქალაქეს, რომლებმაც თვითნებურად დატოვეს პროგრამა ცუდი პირობების გამო, ველთაურის თქმით, ისინი სქემიდან გავიდნენ, შესაბამისად, სააგენტოს პასუხისმგებლობაში აღარ შედიან. 

„რაც შეეხება დამსაქმებელს, გერმანული კანონმდებლობით, როცა დამსაქმებელი გარკვეულ პორობებზე ხელს აწერს და ვალდებულებებს არღვევს, ჯარიმდება“, - აღნიშნა ველთაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთნხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დროებით დასაქმებულები საათში 9.5 ევროს(დარიცხული) მიიღებდნენ ანაზღაურების სახით. პროგრამამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, დაახლოებით 1 თვეში შესაბამის პლატფორმაზე 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები