სააგენტო „ვიტრინი“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, მადო რომანაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, „ვიტრინი“ ქართველი დიზაინერების პროდუქციის პრომოუშენზე და ექსპორტზე გატანაზე მუშაობს. ამჟამად, სააგენტოს 31 ქართულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლებიც თავიანთ პროდუქციას იაპონიასა და საფრანგეთში ყიდიან.
„გაფართოებას ვგეგმავთ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვყავს პარტნიორები ბრიტანეთში და საფრანგეთში, ახლა განსაკუთრებით საინტერესოა აზიური ბაზარი. იაპონიაში უკვე ათ წელზე მეტია წარმატებით ვთანამშრომლობთ, ახლა კი ინტერესი გვაქვს სამხრეთ კორეისა და სინგაპურის მიმართულებითაც. მათი მხრიდანაც დაფიქსირდა თანამშრომლობის სურვილი, ამიტომ ვაპირებთ, შევისწავლოთ ეს ბაზრები და ნელ-ნელა დავიწყოთ ქართველი ბრენდების შესვლა“, - აღნიშნა რომანაძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და სააგენტოს გავლილი აქვს ავტორიზაცია პლატფორმა „რაკუტენთან“, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ - მაღაზიაა.
„რაკუტენის მხარე უკვე გაეცნო კონკრეტულ ბრენდებს და კარი ღიაა. დარჩენილია მხოლოდ ფინანსური დეტალების შეთანხმება, რადგან მსგავსი მასშტაბის პროექტები დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვმუშაობთ, რომ მოვიზიდოთ საჭირო სახსრები და მოვემზადოთ ახალი ბაზრებისთვის“, - განაცხადა „ვიტრინის“ დამფუძნებელმა.




























