ეკონომიკის სსიპ-მა "აწარმოე საქართველოში" 708,000 ევროს, ანუ 2,248,395 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა საერთაშორისო იურიდიულ ფირმა Hogan Lovells-თან. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტიდან ირკვევა.
გამოქვეყნებული 8-გვერდიან ხელშეკრულებიდან და მისი თანმდევი დოკუმენტებიდან უცნობია, უშუალოდ რა სამართლებრივ დავაში არის ჩართული "აწარმოე საქართველოში" და რა სერვისები უნდა მიაწოდოს მას Hogan Lovells-მა, რადგანაც კონტრაქტიდან რედაქტირებული და ამოღებულია ის პუნქტები, რომლებიც შესასრულებელი სამუშაოების აღწერას მოიცავს.
წარდგენილი განმარტების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის გამჟღავნებას არ ექვემდებარება.
პარალელურად, მთავრობა მუშაობს "აწარმოე საქართველოში"-ს რეორგანიზაციაზე და მის საფუძველზე "ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" დაფუძნებაზე.




























