მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციებისთვის GCCA-მ ორი კომპანია დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ორი ბიზნესგარიგება გამოავლინა, რომლებიც უწყებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. კანონის დარღვევის გამო, შესაბამის პირებს ჯამში 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.

სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები 2025 წლის IV კვარტალში განხორციელებულ ორ კონცენტრაციას (წილების შეძენას) ეხება.

GCCA-ს გადაწყვეტილებით, დარღვევები დადგინდა შემდეგ ფაქტებზე:

  • შპს „საბა ინვესტის“ მიერ შპს „მედეგის“ 100%-იანი წილის შეძენა;
  • ფიზიკური პირის, გიორგი თვალაძის მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ 70%-იანი წილის შეძენა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით,"საბა ინვესტის" წილის 100%-ს სლავა შერაზადიშვილი ფლობს, ხოლო "მედეგის" წილები გასხვისებამდე ასე ნაწილდებოდა: 70% დურმიშხან მამესწარაშვილი, 30% დავით ფარასტაშვილი.

რაც შეეხება შპს ფაინ თრი ინთერნეიშენალის წილებს გასხვისებამდე, 80% თეიმურაზ კონიაშვილს ეკუთვნოდა, 10% თამარ კონიაშვილს, 10% კი კაროლინა კონიაშვილს.

გარდა ფულადი ჯარიმისა, მხარეებს დაევალათ, განხორციელებული კონცენტრაციების შესახებ შეტყობინება სააგენტოს პოსტფაქტუმ წარუდგინონ.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომპანიები ვალდებულნი არიან, წინასწარ წერილობით შეატყობინონ სააგენტოს დაგეგმილი შერწყმის ან წილების შეძენის შესახებ, თუ მათი ფინანსური მაჩვენებლები გარკვეულ ზღვარს აჭარბებს.

კონკურენციის სააგენტო ამოწმებს, ხომ არ გამოიწვევს ასეთი გარიგება ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ან კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვას.

კონცენტრაცია ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას, თუ მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოში 20 მლნ ლარს აღემატება. ამასთან, მინიმუმ ორი მონაწილე პირიდან თითოეულის შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია.

თუ კომპანიები გარიგებას სააგენტოს გვერდის ავლით, ნებართვის მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განახორციელებენ, კანონმდებლობა ფულად სანქციებს ითვალისწინებს. თავად შეტყობინების განხილვის საფასური კი 5 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის განმავლობაში GCCA-მ უკვე გასცა თანხმობა 3 სხვადასხვა კონცენტრაციაზე, რომლებიც კანონის სრული დაცვით იყო წარდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები