„საახალწლო კერამიკის აქსესუარებზე მოთხოვნა 100%-ითაა გაზრდილი,“- ამის შესახებ BMG-სთან კერამიკის აქსესუარების მწარმოებელი ბრენდის Mandragora Ceramics-ის თანადამფუძნებელმა, სალომე ანდღულაძემ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ბრენდი ბაზარზე 2 წელია არსებობს და მომხმარებელს კერამიკის ნივთების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ხოლო, საწარმოს სრულად მოწყობაში ბრენდის ინვესტიციამ 20 000 ლარს გადააჭარბა.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი განმარტავს, მოთხოვნა სადღესასწაულო პერიოდში განსაკუთრებით მაღალია. პროდუქციის რეალიზაცია კი როგორც სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე თბილისში, წერეთელზე მდებარე სახელოსნოში, ადგილზევე ხდება.
„მოთხოვნა საახალწლო პერიოდში ნაძვის ხის სათამაშოებსა და ამავე თემატიკის სხვადასხვა აქსესუარებზე განსაკუთრებით მაღალია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, პროდუქცია როგორც ასორტიმენტიდან აარჩიოს, ასევე ვიღებთ ექსკლუზიურ შეკვეთებსაც.
ნედლეული თურქეთიდან ან გერმანიიდან შემოგვაქვს. ბოლო პერიოდში კი ნედლეულზე გაზრდილი ფასების გამო, პროდუქციაზე სარეალიზაციო ფასის მომატება მოგვიწია.
ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ექსპორტის განხორციელებას არ ვგეგმავთ.
ჩვენ, ასევე შემსწავლელი კურსებიც გვაქვს, რისი საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს კერამიკის ნივთების კეთებას ვასწავლით ,“- აცხადებს ანდღულაძე.
მისივე ცნობით, სტუდენტების სწავლება გადამზადება სახელოსნოშივე ხდება და ამჟამად ახალ პროფესიას 20-მდე სტუდენტი ეუფლება. სწავლება 1 თვის განმავლობაში გრძელდება და სურვილის შემთხვევაში, პერიოდის გახანგრძლივებაცაა შესაძლებელი.
ინფორმაციისთვის, კერამიკის ნივთების მწარმოებელი ბრენდი Mandragora Ceramics პანდემიის პერიოდში შეიქმნა და ბაზარზე 2 წელია აქტიურად ოპერირებს.