სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთმა უმსხვილესმა იმპორტიორმა „სამი ძმა“ საახალწლო პროდუქციაზე ფასები 30%-ით შეამცირა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, აბელ კაპანაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, ფასების შემცირება მოთხოვნის ზრდას უკავშირდება და მარაგების სრულად ამოყიდვაზეა მიმართული.
კაპანაძის თქმით, მიმდინარე წელი სტაბილურია, თუმცა გასულ წელთან შედარებით განსაკუთრებული ზრდა არ შეინიშნება.
„ფასები 30%-ით შევამცირეთ, რადგან გვინდა, რომ საახალწლო პროდუქცია მაქსიმალურად სრულად ამოვყიდოთ. აქცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და მხოლოდ საახალწლო სასაქონლე კატეგორიებს შეეხება”, - აღნიშნა მან.
კომპანია პიროტექნიკის საცალო გაყიდვას არ ახორციელებს, რადგან მისი რეალიზაცია აკრძალულია. თუმცა, „სამი ძმა“ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, კორპორატიულ ღონისძიებებს პიროტექნიკის მომსახურებას მაინც სთავაზობს:
„ჩვენ არ ვყიდით პიროტექნიკას, მაგრამ ვახორციელებთ კორპორატიულ მომსახურებას. ანუ, პიროტექნიკის მომსახურებას უზრუნველვყოფთ კორპორატიულ ღონისძიებებზე. სერვისის ღირებულება 500 ლარიდან იწყება“, – განმარტავს კაპანაძე.




























