2025 წლის 31 დეკემბერს, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტის და წინასაახალწლოდ ორბელიანის მოედანზე საშობაო სოფლის მოწყობაზე 8.3 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, შესყიდვა ითვალისწინებს მომღერლების ჰონორარებს, საშობაო სოფლისთვის საახალწლო დეკორაციების, განათებების, სცენის, ყინულის მოედნის, გასართობი შოუს და სხვა მომსახურებების შესყიდვას.
თბილისის მერია ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული გზით, ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თანხმობას ელოდება.
საახალწლო სეზონი ოფიციალურად 2025 წლის 12 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება. ღონისძიებები 2026 წლის 14 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესები 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 25 იანვრამდე გაგრძელდება.
მერიის ინფორმაციით, მოედანზე განთავსდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დახლები, თაღები და დეკორირებული ნაძვის ხეები. მოეწყობა საციგურაო მოედანი, საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, საკვებისა და გასტრონომიული ზონები, ასევე ტრადიციული „საშობაო ბაზარი“ და „ტკბილეულის ფესტივალი“.
დაგეგმილია კონცერტები, თეატრალური პერფორმანსები, ელექტრონული ლაივ შოუები, ზღაპრის გმირების მსვლელობა და სხვა გასართობი აქტივობები. ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს თოვლის ბაბუა და მსახიობები შეხვდებიან.
თბილისის მერიის განმარტებით, პროექტის განხორციელება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და კვალიფიციურ შემსრულებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც დროის შეზღუდვის პირობებში გამარტივებულ შესყიდვას აუცილებელს ხდის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს და მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას, რაც ინდივიდუალურ დიზაინსა და ვიზუალურ გადაწყვეტებზეა დამოკიდებული.
შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია ავეჯის, დეკორაციული ნივთების, გამოფენების მოწყობისა და ფესტივალების ორგანიზების მომსახურებები. კლასიფიკატორის მიხედვით, შესყიდვის ობიექტები მოიცავს როგორც ავეჯსა და სტრუქტურულ მასალებს, ისე გასართობ, თეატრალურ და ფოტომომსახურებებს.




























