ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე საამიროები ინდოეთს $3 მილიარდის მოცულობის გათხევადებულ ბუნებრივ აირს (LNG)-ს მიაწვდის. მნიშვნელოვანი გარიგების აღსრულება ყურის ქვეყნის მთავარ ენერგეტიკულ კომპანია ADNOC-ს დაევალება. 10-წლიანი შეთანხმების ფარგლებში, ინდური HPCL-ი ყოველწლიურად 0.5 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის.
აღსანიშნავია, რომ ADNOC-სა და ოფიციალურ ნიუ დელის შორის აქამდეც არაერთი გარიგება იყო გაფორმებული, რომელთა მოცულობა $17 მილიარდს აჭარბებდა. ამ შეთანხმებით კი მასშტაბი $20 მილიარდამდე იზრდება და ინდოეთი ADNOC-ის პროდუქციის მთავარი შემსყიდველი ქვეყანა ხდება.
შეთანხმებას ხელი ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედმა ერთად მოაწერეს. შეხვედრისას მხარეებმა დააანონსეს, რომ ორმხრივი ვაჭრობა მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და $200 მილიარდამდე გაიზრდება.
ენერგეტიკულ გარიგებასთან ერთად, დაიდო შეთანხმება თავდაცვის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებაც, თუმცა ლიდერებს არ გაუსაჯაროებიათ, თუ რას მოიცავს ის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეთანხმება ინდოეთს რეგიონულ კონფლიქტებში ჩართვას არ დაავალდებულებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ოფიციალური აბუ-დაბი ინდოეთთან დაახლოებით ცდილობს, აზიის ამ რეგიონში კონკურენცია გაუწიოს მეზობელ საუდის არაბეთს, რომელმაც ინდოეთთან დაპირისპირებულ პაკისტანთან გასულ წელს ახალი შეთანხმება დადო და პარტნიორობა გააღრმავა.




























