მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საამურის” ბუნებრივი ღვინის 90% ექსპორტზე გადის

626918aea0ef3
სალომე ჭიპაშვილი
28.04.22 09:00
801
მსოფლიოში და შესაბამისად, ქართული მეღვინეობის დარგში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბუნებრივი ღვინის მიმართულება, რომელიც სხვა ღვინოებისგან განსხვავებით, არ შეიცავს დანამატებს და ბუნებრივი საფუარით ღვინდება.

“ბუნების, ნიადაგის, ღვინის ჭურჭლის, ვენახისა და ღვინის ხასიათის ცნობა და ცოდნა - ეს ის პირობებია, რაც ბუნებრივი ღვინოს დასაყენებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა bm.ge-სთან საუბარში ბუნებრივი ღვინოების მაღაზია-ბარის "საამური“-ს თანადამფუძნებელმა მაია ჭოხონელიძემ, რომელმაც აღნიშნული მულტიფუნქციური სივრცე ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაციისთვის „ფაბრიკა“-ში, ზუსტად ერთი წლის წინ გახსნა.

„50 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ფართი იმ ადგილად გარდავქმენით, რომელიც ღვინის ბუნებრივ გემოებში მოგზაურობის გარდა, გართობის, შემეცნების, ღვინოზე ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის სივრცესაც წარმოადგენს", - განაცხადა მაია ჭოხონელიძემ.

მისივე თქმით, იდეის განსახორციელებლად „თიბისი სტარტაპერი“ 42 ათასი ლარის სესხით დაეხმარა და ინფორმაციული მხარდაჭერის კუთხით,  „საამური“-ს გვერდში დგომას ახლაც აგრძელებს.

„საამური“ 100-მდე სახეობის ქართულ და 35-მდე სახეობის უცხოურ ბუნებრივ ღვინოს აერთიანებს, რომელთა ფასები 20-დან 250 ლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მაია ჭოხონელიძე მეუღლესთან ერთად თავადაც ბუნებრივი ღვინის წარმოებით არის დაკავებული. ამ ეტაპზე „საამური“-ს ღვინის მაღაზია-ბარში საკუთარი მხოლოდ ერთი სახეობის, საფერავის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

„წელიწადში, დაახლოებით, 10 ათას ბოთლ ბუნებრივ ღვინოს ვაწარმოებთ, რომლის 90% ექსპორტზე გადის. ჩვენი საექპორტო ქვეყნებია: იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები, წელს კი ამ ჩამონათვალს ჩინეთიც დაემატა", - აღნიშნა „საამური“-ს თანადამფუძნებელმა “საქმიან დილაში”.

„საამური“-ს მაღაზია-ბარი „ფაბრიკა“-ში 2021 წლის აპრილში გაიხსნა, სადაც ჯერჯერობით სამი ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები