მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო

6380b28c6c618
BM.GE
25.11.22 16:49
668
დღეს სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოცხადება 16 დეკემბრამდე გადადო. სააპელაციო ინსტანციაში საქმე პროკურატურამ გაასაჩივრა, რომელიც ბრალდებულთათვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. დაცვის მხარის განცხადებით, პროცესი აბსურდის თეატრის სახეს ატარებს.

„მსურს მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური საქმე ჩემსა და ბადრის[ჯაფარიძის] წინააღმდეგ. პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ არ არსებობს არანაირი დანაშაული, დაზარალებული და მომჩივანი. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ აბსურდის თეატრს დავამთავრებთ და დავამთავრებთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო სისტემის სრული კრახით და ამის ლუსტრაციას გავაკეთებთ. ასე რომ, ძალიან წყნარად მივყვებით ამ პროცესს,”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები