მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ მუხლი, რომლითაც "ბათუმელების" დამფუძნებლის ბრალი გადაკვალიფიცირდა, ისეთივე აბსურდულია, როგორც მზია ამაღლობელის თავდაპირველი ბრალდება და მას საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან.
მწარიაშვილის თქმით, სასამართლოს შეეძლო, მზია ამაღლობელისთვის კანონით გათვალისწინებული სხვა სასჯელი შეეფარდებინა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სადამსჯელო აქტი, რომელსაც ადვოკატი გაასაჩივრებს.
"არა მხოლოდ ვერ დამტკიცდა პოლიციელზე თავდასხმა, სინამდვილეში ვერც ის მუხლი დაამტკიცა, რომელზეც კვალიფიკაცია გადავიდა. მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ სამართლებრივად იმავენაირად უსამართლო და უკანონოა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით იქნებოდა თუ 4 წლით. ამ წუთას სისტემამ საკუთარი თავის გადარჩენაზე იმუშავა, ამ კვალიფიკაციით მათ საკუთარი თავი გადაარჩინეს ამხელა საზოგადოებრივი ზეწოლისგან, ყველამ გაიგო ამ ქვეყანაში, ვინც სამართალი იცის თუ არ იცის, რომ ის რასაც მზიას ბრალად უყენებენ, არ არის თავდასხმა პოლიციელზე. თუმცა 353 მუხლი ისეთივე სამართლებრივი აბსურდია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი.
ამ მუხლის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, როგორიც იქნებოდა 353-ე პრიმა, დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც ჯარიმა, რომელსაც გადააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზიამ უკვე მოიხადა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებოდა, ასევე პირობითი მსჯავრის დადგენა, რაც არ გააკეთა. თუმცა სააპელაციო ინსტანცია წინ არის, რასაკვირველია, და არა მარტო სააპელაციო ინსტანცია", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდება 351 მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას ითვალისწინებს.




























