ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი და 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.
საქმეს განიხილავდნენ ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
პროკურორები - თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მისთვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით. დაცვის მხარემ კი მოითხოვდა მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას.
"მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობის შემდეგ რა დამხვდება გარეთ" – მზია ამაღლობელი
6 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე: პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.




























