დღეს, სააპელაციო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა როგორ BMG-ის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ უთხრა, სასამართლოდან აცნობეს, რომ სხდომა არ ჩატარდებოდა. შემდეგი პროცესი სააპელაციო სასამართლოში 14 სექტემბერს ჩაინიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მინისტრის ყოფილ მოადგილეს 10-წლიანი პატიმრობა 16 მარტს მიუსაჯა. პროკურატურამ მიქაუტაძესთან საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, კვლავ მზად არიან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად.
მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, მიქაუტაძე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პროკურატურა მას ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ 8 499 334 ლარი შეადგინა.
მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობდა, უკვე 2022 წლიდან კი მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. 2024 წელს როგორც მაშინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) - დირექტორი, ასევე "საქრუსენერგოს" ჯერ გენერალური დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი დირექტორი.


























