სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პაპიაშვილს კი - 8.
ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა დაუდასტურა.
"45 წამი დასჭირდათ მოსამართლეებს, რომ ეს განაჩენი ძალაში დაეტოვებინათ. სხვას არც მოველოდით", - განუცხადა bm.ge-ს გიორგი ჩიკვაიძის დედამ.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძეს საპროცესო გარიგებას სთავაზობდა, თუმცა, როგორც bm.ge-ის გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატმა ჯერ კიდევ დღევანდელი პროცესის დასრულებამდე განუცხადა, "საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ არის, ვინაიდან გიორგი ჩიკვაიძე არ აღიარებს ბრალს". ჩიკვაიძის დედის განცხადებითაც, "საპროცესოზე საუბარი სულ მუსირებდა, უბრალოდ დღეს დილით გიორგიმ დარეკა და თქვა, რომ არანაირი საპროცესო და არანაირი გარიგება".
შეგახსენებთ, საქმე ეხება „ელთ ბილდინგის“ საჩივარს. გამოძიება სწორედ ამ კომპანიის საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, საქმის დეტალების თანახმად, შპს „ელთ ბილდინგისთვის" გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა დავის საგანი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩიკვაიძისა და პაპიაშვილის წინააღმდეგ განაჩენი გასული წლის მაისში გამოიტანა.




























