მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საარბიტრაჟო დავები მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მატერიალური რისკია - ნიკოლოზ ალავიძე

ნიკოლოზ ალავიძე

საქართველოსთვის ინვესტორებთან მიმდინარე საარბიტრაჟო დავები კვლავ ერთ-ერთ მთავარ ფისკალურ რისკად რჩება.

როგორც „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო $3.3 მილიარდის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქესის“ მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე BMG-სთან ამბობს, რომ ამ მოცულობის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავები შემდეგზე მიუთითებს - ინვესტორებთან ურთიერთობაში ქართულმა მხარემ არაერთი შეცდომა დაუშვა.

მისივე შეფასებით, მიღმა ინვესტორებისთვის ასანაზღაურებელი კომპენსაციისა, საარბიტრაჟო დავები ბიუჯეტისთვის წნეხი იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული მილიონობით ლარის ხარჯების ფონზეცაა.

„წაგებულ საარბიტრაჟო დავებში დაკისრებული თანხის გარდა ჩვენ ვიცით, რომ ასევე სოლიდური, ათეულობით მილიონი ლარია იურიდიული მომსახურების ხარჯები, რაც ასევე „ჩაძირული“ ხარჯია, რადგან ეს თანხაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ.

თუმცა ამ დავებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ყურადსაღები არის ის, რომ ეს სისტემური პრობლემაა, იქნება ეს ENKA თუ სხვა დანარჩენი საარბიტრაჟო დავები. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც სახელმწიფომ ხელშეკრულებები გააფორმა, როდესაც პროექტზე მიდიოდა მუშაობა, არაკომპეტენტურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. დაახლოებით 10-მდე საარბიტრაჟო დავაა, სადაც, სადაც ერთი და იგივე საძირკველია - კორუფცია, არაკომპეტენტურობა, შესაძლო მიზანმიმართული ქმედება, რომელმაც შეუძლებელი გახადა ამ პროექტების განხორციელება. შესაბამისად, ინვესტორებმა მიმართეს არბიტრაჟს, რასაც მოუმზადებელი დახვდა სახელმწიფო. ეს კი მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მატერიალური რისკია. დავების ნაწილი სახელმწიფოს წაგებით უკვე დასრულდა და სავარაუდოდ, ეს თანხები საბოლოოდ გადასახდელი იქნება, რადგან როგორც წესი, არბიტრაჟის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მოლაპარაკებები აღარ ხდება ხოლმე“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მსხვილი საარბიტრაჟო დავა საქართველომ გასულ წლის ბოლოს წააგო. კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. საქართველომ 76 მლნ დოლარის დავა წააგო Inter Rao-სთანაც, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფებს შეეხებოდა.

BMG-იმ საერთაშორისო არბიტრაჟების შესახებ, მათ შორის Enka-სა და Inter Rao-სთან წაგებულ დავებზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებით ჯერ კიდევ 2025 წლის 10 თებერვალს მიმართა, თუმცა სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები