ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის ბორიანა აბერგის განცხადებით, საქართველოში შემოდგომას დაგეგმილი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს თუ არსებული პოლიტიკური კრიზისი არ მოგვარდება.
"გუშინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის 130-ე დღე შესრულდა. ხალხი გამოდის მმართველი პარტია „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ, მიუხედავად ძალადობის და რეპრესიების უპრეცედენტო ტალღისა. ასობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი სცემეს. არც ერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული, რაც არ ტოვებს კითხვას თუ ვინ დგას ძალადობის უკან. საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას. ევროპის საბჭოს რეგიონების კონგრესმა ნათლად განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს არსებული კრიზისის მოგვარების გარეშე. როგორც ჩვენმა ასამბლეამ განაცხადა იანვარში, ახალი სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის გზა. ამას უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება“, - განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე კენჭისყრა 10 აპრილამდე გადაიდო. სესიის დღის წესრიგი PACE-ს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში მას შემდეგ განაცხადა, რაც PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.




























