მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნოდ საზოგადოებას განათლების ფუნდამენტურ რეფორმას შევთავაზებთ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" საზოგადოებას საარჩევნოდ განათლების ფუნდამენტური რეფორმას შესთავაზებს.

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და ართმევ ღირებულებებს და ამ ხაზის ერთ-ერთი შემოქმედი, გამტარებელი ამ ქვეყანაში იყო გიგი თევზაძე თავის პარტნიორებთან ერთად, - განაცხადა პრემიერმა პირველი არხის ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყვნენ ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემას შეგნებულად ანგრევდნენ.

"გიგი თევზაძე, გვარამია, შაშკინი და სხვები, ვინც იდგნენ განათლების პროცესების უკან - შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას ეს ადამიანები. ეს მათი დავალება იყო. ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ხაზი, რომ უნდა მოშალო განათლების სისტემა და სამწუხაროდ, მათი საქმიანობის ეს შედეგები პირდაპირ სტატისტიკაშია ასახული. სხვათა შორის, ცინიზმია, რომ დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ი აქვეყნებს განათლების სისტემის შედეგებს, სადაც ასეთი რამ უწერია - ჩვენი სკოლის მოსწავლეების, სავარაუდოდ ბოლო კლასზეა საუბარი, 63%-მა საბაზისო უნარების ტესტიც კი ვერ ჩააბარა და ამავდროულად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამაყობს იმით, რომ კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდები აპროტესტებენ წაუკითხავ კანონს, რაც არის სამწუხარო და ძალიან მძიმე რეალობა. კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ 81 ქვეყანაში გავედით 63-ე ადგილზე წაკითხულის გააზრებაში. რა თქმა უნდა, ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, მაშინ პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სწორედ ეს იყო ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი - მთავარი არის ის, რომ სათანადო ცოდნა არ უნდა მისცე. ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, რეალურად ეს ხდებოდა გიგი თევზაძის და მისი მეგობრების იდეოლოგია და თან ღირებულებებს აცლი. გიგი თევზაძე და მიხაილ როთი არიან ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი, რომლის მთავარი ამოცანაა, ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ მისცე საკმარისი ცოდნა და ამასთან ერთად გამოაცალო ღირებულებები.

ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას.

ჟურნალისტის რეპლიკას, ის ხელისუფლება 9 წელი მართავდა და თქვენ უკვე 12 წელია ძალაუფლება გაქვთ, 12 წელი გქონდათ გამოსასწორებლად, კობახიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

"უნდა ვაღიაროთ რომ ეს დრო სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. საბოლოოდ რაც თავის თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოირგეს, გარე დავალება იყო და ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს", - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები