მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის შეცვლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული"

5c3dd702876ad
ელენე გოგბერაშვილი
15.01.19 16:55
1180
დღეს საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა.

საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა ამ დრომდე დოკუმენტის კორექტირება არ მომხდარა.
საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია, რომ ამ დრომდე არ გადახედილა, „საქსტატშიც“ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ კანონი მათ იმ მეთოდოლოგიით ავალდებულებთ საარსებო მინუმიმის განსაზღვრას, რასაც მთავრობა დააწესებს.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეეკო განმარტავს, რომ ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს საქმე არ არის და დოკუმენტის კორექტირება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„მეთოდოლოგიის შერჩევა და მისი განხორციელება არის სტატისტიკური საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს სეგმენტი ამაში არის ის, რომ არსებულ მეთოდოლოგიაში ითვლება პირველადი მოხმარების პროდუქტები და აი, ამ პროდუქტების შემადგენლობაში, კალორაჟში და ცილა-ცხიმ-ნახშირწყლის განაწილებაში თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მეთოდოლოგია სტატისტიკური ინსტრუმენტია და ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს საქმე. ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესრულება „საქსტატის მხრიდან“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

„საქსტატის“ მონაცემებით, დღეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარს შეადგენს.

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირება სწორედ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის ცვლილება იყო.
“ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ რეალურ ზღვარს, ცხადია, ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი“, - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები