2025 წლის იანვარში სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 696 359 ადამიანი იღებდა, მათგან თითქმის 230 ათასი პირი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რის გამო სოციალურად დაუცველის სტატუსი ოთხი წლით უნარჩუნდება. წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 6 ათასით არის გაზრდილი.
საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირი არ გულისხმობს დასაქმებულს, რომელმაც ამ პროგრამით მუშაობა დაიწყო. ეს არიან ადამიანები, რომელთა ერთი ოჯახის წევრი მაინც დასაქმდა ამ პროგრამით. ანუ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახიდან თუ ერთი პირი მაინც დასაქმდა ამ პროგრამით, მისი ოჯახის წევრები [იქნება ეს ოჯახი 2,3,4 თუ მეტწევრიანი] პროგრამაში ჩართულებად ითვლებიან.
საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. მას შემდეგ რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, სააგენტო აღარ ამოწმებს და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ.