საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში დაანონსებულ ცვლილებებს ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი გადაცემაში "ანალიტიკა" აბსოლუტურად აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სამედიცინო ხარჯების დაფინანსება, სახელმწიფოს მხრიდან ფულის უაზრო ფლანგვაა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სტაგნაციაში მხოლოდ ჯანდაცვას არ მიუძღვის წვლილი, თუმცა, ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ საავადმყოფოები ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ფულის აღებისთვის ქაღალდების შევსებაზე არიან გადასული, ნაცვლად იმისა, რომ პაციენტებზე იზრუნონ.
„შესაძლებელია მობეზრდათ ყოველწლიურად 100 მილიონის დამატება, ან სულაც სერგეენკოს პოზიციები შეირყა, ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს, თუმცა, ფაქტია, რომ ახლა გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს იმაზე, რომ უკვე რეალური გახდა ის პრობლემები, რაც საყოველთაო ჯანდაცვამ წარმოქმნა. სისტემაში საშინელი ეკონომიკური სტიმულები შეიქმნა. საავადმყოფოები ნაცვლად პაციენტების მკურნალობისა, ქაღალდების შევსებაზე არიან გადასულები, რომ ბიუჯეტიდან ფული გამოწოვონ. აქ სულ სხვა სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, ინსტიტუციურად მოიშალა სისტემა. მე მაღელვებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა სულ 27%-ით გაიზარდა, ჯანდაცვის დაფინანსება 10-ჯერ უფრო მეტად, 270%-ით გაიზარდა და ამ ზრდამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ ნაკლები კარაქი ვიყიდეთ, ღარიბებმა ნაკლები საკვები მიიღეს და ამით დააფინანსეს ის უაზრო ფლანგვა სამედიცინო ხარჯების. რა თქმა უნდა, ეკონომიკის სტაგნაციაში მარტო ჯანდაცვას არ მიუძღვის წილი, სხვა იდიოტობებსა და სისულელეებსაც მიუძღვის, მაგრამ ეს ყოველწლიურად ჩანდა, რაც ხდებოდა“-აღნიშნავს მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული მიზნობრიობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები აბსურდულია და მას ადამიანის კეთილდღეობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„მე მაინტერესებს როდის მიხვდება ხელისუფლება, რომ ზუსტად ის მიზნობრიოების განსაზღვრის კრიტერიუმები, რომელიც მათ დაასახელეს აბსოლუტურად აბსურდულია. ამას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანების კეთილდღეობასთან, არც სიღარიბესთან, არც შეძლებასთან. კეთილდღეობის ასე განსაზღვრა დიდი სისულელეა“-ამბობს მეგრელიშვილი.

























