საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საჰაერო ტრანსპორტის მაჩვენებლები შემცირდა. მხოლოდ მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებმა 9 ათასი ტონა ტვირთი და ფოსტის ნაკადი მიიღო, რაც წლიურად 2 ათასი ტონით დაკლებული მაჩვენებელია. კლებაა ჯამურად ორი კვარტალის შედეგებითაც.

საჰაერო გადამზიდავი კომპანიების ნაწილის შეფასებით, სექტორში ტვირთბრუნვა სტაბილურად მზარდია. CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის თქმით, წამყვანი ჯამურ ნაკადებში კვლავ ჩინეთიდან მომავალი ტვირთებია, რაშიც ასევე დიდი წილი ელექტრონული კომერციის პლატფორმების ტვირთებს უჭირავს.
“სიტუაცია სტაბილურია, რაც ზაფხულის პერიოდისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ზოგადად ზაფხულში მცირედი კლება შეინიშნება ხოლმე შემოდგომის წინ. სტაბილურია როგორც საქართველოში შემომავალი ტვირთების რაოდენობა, ისე ტრანზიტული ტვირთები, რომელსაც ჩვენი კომპანია ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ემსახურება.
ჩინეთიდან მომავალი ტვირთები არის ჯერჯერობით მზარდი. კოვიდამდე საქართველოში მთლიანად 20-22 ათასი ტონა საავიაციო ტვირთი შემოდიოდა, კოვიდის პერიოდში და კოვიდის შემდეგ წლებში ეს რიცხვი 19 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა, საიდანაც დასავლეთის ელექტრონული კომერციის წილი არ აღემატებოდა 4 ათას ტონას. დღეს, ყველაფერი, რაც 20 ათას ტონაზე მეტია საქართველოში შემოსული ტვირთებიდან, ჩათვალეთ, ჩინური ელექტრონული პლატფორმების ხარჯზე ხდება”, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

























