ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს კერძო მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის უფლება მისცა. დაგეგმილი გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი კერძო მესაკუთრეთა კუთვნილ ტერიტორიაზე გადის. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მესაკუთრეებმა ქონება არ დათმეს. იმის გამო რომ პროექტის განხორციელება რისკის ქვეშ დგას, საავტმობილო გზების დეპარტამენტი კერძო მესაკუთრეებს კუთვნილ უძრავ ქონებას იძულებით ჩამოართმევს. 2 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც 6 მეპატრონე ჰყავს, მალე სახელმწიფოს გადაეცემა. მესაკუთრეებს კი გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად მხოლოდ ერთი თვე აქვთ.
ასეთივე პრობლემის წინაშე დგას სამი მესაკუთრე ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის გამო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაა, რომლის განხორციელებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტს კერძო მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა.