მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის 4 ტენდერი გამოაცხადა

ნაპირსამაგრი

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ჯამურად 1.4 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების 4 ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, ტენდერები გამოცხადდა ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირის მე-3 შესახვევის N5 და N7-ის მიმდებარედ (143 311 ლარი), მდინარე წყალწითელას (81 599 ლარი), თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მდინარე სტორის (620 614 ლარი) და საჩხერის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების სათავე ნაგებობასთან მდინარე ყვირილას ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის (550 910 ლარი).

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მდინარეების ნაპირებზე განვითარებული ეროზიული და მეწყრული პროცესების გამო, აუცილებელი გახდა ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებასა და მდინარის კალაპოტის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ნაპირდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, საჭიროებისამებრ მოეწყობა გაბიონის კედლები და დიდი ზომის ლოდებისგან ქვანაყარი ბერმა.

ოთხივე პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები