მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა "სინოჰიდროსთან" დავა მოიგო

5ef32279485ee
BM.GE
24.06.20 13:47
1024
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მის კონტრაქტორ კომპანია Sinohydro Corporation Limited-ს შორის მიმდინარე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტსა და Sinohydro Corporation Limited-ს შორის დავა წარმოებდა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე 2012 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. დავის ინიციატორი კონტრაქტორი კომპანია იყო, რომელმაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ დავების საბჭოს 2019 წლის 19 დეკემბერს მიმართა და სამშენებლო მოედნის დაგვიანებით გადაცემის გამო დეპარტამენტისგან დაახლოებით 38 მილიონი ლარის გადახდა მოითხოვა.

"დავების საბჭომ, 2020 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა Sinohydro Corporation Limited-ს მოთხოვნები და დაადგინა, რომ კონტრაქტორი კომპანია არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან რაიმე სახის ზიანის ანაზღაურება.

დავების საბჭომ კონტრაქტორის მოთხოვნები მიიჩნია დაუსაბუთებლად როგორც ხელშეკრულებიდან, ისე ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე.

იმ შემთხვევაში, თუ Sinohydro Corporation Limited დავას გააგრძელებს საარბიტრაჟო სასამართლოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი არბიტრაჟშიც დაიცავს საკუთარ ინტერესებს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე სექტორის სამუშაოები Sinohydro Corporation Limited-მა 2018 წლის ივნისში დაასრულა. კომპანია ამჟამად მუშაობს სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთზე, რომელზე ფაქტობრივად დასრულებული აქვს სამშენებლო სამუშაოები და აგრძელებს მუშაობას ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობაზე", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები