მიმდინარე წლის 28 მარტს, ქართული საავტომობილო სერვისების მართვის კომპანია "ბეტაჩი ჯგუფის" მოწვევით, საქართველოს ესტუმრება უმსხვილესი გერმანული საავტომობილო ზეთების მწარმოებელი კომპანია Rowe-ს ხელმძღვანელობა.
ქართულ და გერმანულ მხარეთა შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების საფუძველზე, გერმანულმა კომპანიამ, ქართული მხარის ხელშეწყობითა და თანადგომით გადაწყვიტა ქართულ ბაზარზე შემოსვლა და მოცულობით ინვესტიციის განხორციელება, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონს მოიცავს. შესაბამისად, 2017 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე საავტომობილო სერვის-ცენტრი და ასევე საავტომობილო ზეთების და საპოხი მასალების საბითუმო რეალიზაციის ცენტრი, რომელიც საქართველოსთან ერთად, ასევე მოემსახურება ამიერკავკასიის რეგიონს.
Rowe-ს ბრენდისა და პროდუქტის წარდგენის, ასევე სამომავლო გეგმების დაანონსების მიზნით, 2017 წლის 28 მარტს, 20:00 საათზე, კომპლექს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართება ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდება კომპანია "ბეტაჩი ჯგუფს" და Rowe-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და საავტომობილო სფეროში მოღვაწე ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელი პირები.
საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების მწარმოებელი კომპანია Rowe დაარსდა გერმანიაში 1995 წელს, დღეისათვის ბრენდი წარმოდგენილია მსხვილი საავტომობილო სერვისებითა და სარეალიზაციო ობიექტებით მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში. ბრენდი თანამშრომლობს და საავტომობილო სერვისს უწევს ისეთ საავტომობილო მეგა-ბრენდებს, როგორიცაა მერსედეს-ბენცი, BMW და ფოლქსვაგენი.

























