რთული პანდემიური პერიოდის მიუხედავად, “ჭრელი აბანო & სპა”-ს მმართველმა კომპანიამ ერთ-ერთი ისტორიული აბანოს განახლების პროექტი წამოიწყო, რაზეც 4 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „ჭრელი აბანო“ აქცენტს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მომხმარებელზე აკეთებს. დღეს მდგომარეობა ორივე მიმართულებით არასახარბიელოა, თუმცა როგორც აბანოების მმართველ კომპანიაში აცხადებენ, საახალწლო დღეებში საკმაოდ ბევრ მომხმარებელს უმასპინძლეს.
“საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ 2022 წელი. ჩვენი მოლოდინი იყო 70%-ით გაგვეზარდა მომხმარებლების რაოდენობა და ვფიქრობ, მივედით ამ შედეგამდე. 15 000 აქტიურ მომხმარებელს გადავაჭარბეთ საახალწლო დღეებში, რაც ძალიან მაღალი დატვირთლობაა"-აღნიშნავს ჯაბა მამაცაშვილი.
"ჭრელი აბანოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა BM.GE-სთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია შიდა ტურიზმის განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
" შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით ვიწყებთ მუშაობას. დავაფუძნეთ ჯგუფი, სახელწოდებით “აბანოთუბანი”, რომელიც საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს. ამ პლატფორმის საშუალებით ვგეგმავთ, ჩვენი ნაკადი, რომელიც მუდმივად გვსტუმრობს აბანოთუბანში, მივმართოთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ჯაჭვურად უნდა გადაებას ტურისტების მოგზაურობა, თბილისიდან რეგიონების მიმართულებით და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. პირველ ეტაპზე ჩვენი პროექტები გურიის რეგიონშია დაგეგმილი"-აცხადებს მამაცაშვილი.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში, "ლოქდაუნების" პირობებში, "ჭრელმა აბანომ" 1 მლნ დოლარამდე იზარალა.