ვიდეოკლიპი, რომლითაც მოსახლეობა საახალწლო ღონისძიებაზე უნდა მიიწვიონ, 50 ათასი ლარი დაჯდება, შესყიდვას კი, მერიის “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო” გამარტივებული წესით განახორციელებს.
,,ვინაიდან წელს, წინა წლებთან შედარებით აბსოლუტურად განსხვავებული ახალი წლის ფორმატი გვაქვს, საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დამდეგი 2019 წლის შესახვედრად მოქალაქეების მოსაწვევად შევქმნათ კლიპი“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში, რომელიც მერიამ შესყიდვების სააგენტოში წარადგინა.
რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც შესყიდვა გამარტივებული წესით უნდა მოხდეს, მუნიციპალიტეტში ასე ხსნიან:
,,საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა გალა-კონცერტის გამართვის ადგილთან დაკავშირებული მსჯელობაც, რაც საინფორმაციო და მოსაწვევი ვიდეორგოლის გადაღების დაგეგმვას მნიშვნელოვნად ხელს უშლიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა“, - წერია დოკუმენტაციაში. მოსაწვევი კლიპი დამკვეთმა 24 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.

























