ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, ორდღიანი "ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე" სემინარი ჩატარდა.
ევროკავშირის ქვეყნების, საფრანგეთისა და ავსტრიის ტრანსპორტის სამინისტროების ექსპერტების მიერ, საბაგირო გზების სპეციალისტებისთვის მოხდა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება საბაგირო მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინსპექტირების შესახებ.
სემინარში სხვადასხვა სტრუქტურის 84 წარმომადგენელი მონაწილეობდა. კერძოდ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის 72 თანამშრომელი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წარმომადგენლები.
სემინარის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანია".
სემინარი მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თეიმურაზ გამცემლიძემ გახსნა, ხოლო მოწვეული სპიკერები/ექსპერტები იყვნენ: იორგ შრეტნერი ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საბაგირო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაეტან რიუ საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს მართვადი ტრანსპორტისა და საბაგირო გზების ტექნიკური სამსახურის (STRMTG) საბაგირო გზების დეპარტამენტის უფროსი, დამიენ მუნიე საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს მართვადი ტრანსპორტისა და საბაგირო გზების ტექნიკური სამსახური (STRMTG) საბაგიროების სპეციალისტი.

























