“ალბათ, სადმე სხვაგან, საბანკეტო დარბაზში რომ გვეხილა იგივე გავრილოვი ბერძენ კოლეგასთან ერთად, სუფრის თავში, ასეთი მძიმე რეაქცია არ იქნებოდა,”- მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის განცხადებით, ის რაც აქციის მონაწილეებმა ჩაიდინეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას წარმოადგენდა.
“მე მინდა გამოვეხმაურო მდგომარეობას და ჩემი პოზიცია გაგაცნოთ. 20 ივნისიდან დღემდე ბევრი მოვლენა განვითარდა, ბევრი საუბარი არის ძალის პროპორციულობაზე და ასე შემდეგ. თუმცა, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვლენებს შევხედოთ თავიდან, დასაწყისიდან. გავყვეთ ქრონოლოგიას და შევაფასოთ. ცახდია იმაზე არავინ არ დავობს, რომ რუსი დეპუტატის ხილვა ჩვენ პარლამენტში რბილად რომ ვთქვათ არ იყო სასიამოვნო. ვიცით რომ ამ დარბაზს, კონკრეტულად ამ სავარძელს დიდი დატვირთვა აქვს. მე მგონია, რომ ალბათ, სადმე სხვაგან საბანკეტო დარბაზში რომ გვეხილა იგივე გავრილოვი ბერძენ კოლეგასთან ერთად, სუფრის თავში, ასეთი მძიმე რეაქცია არ იქნებოდა.
თუმცა, პროპორციაზე როდესაც ვსაუბრობთ, პროპორციის განცდა მე მგონი მაშინვე დიარღვა, როდესაც ამის საპასუხოდ ორსაათნახევრის განმავლობაში, სამი საათის განმავლობაში ხდებოდა პარლამენტის შტურმი.
თუ ვამბობთ რომ ეს დარბაზი და ეს სავარძელი არის სიმბოლო, ისიც უნდა გავაცნობიეროთ რომ ამ შენობაში შეჭრა და შტურმი არის სიმბოლო რევოლუციის. შესაბამისად, რევოლუციის მოწყობა და გადატრიალების მოწყობა პროპორციულია? თქვენ როგორ გგონიათ?"- ამბობს ფინანსთა მინისტრი.

























