საბანკო ასოციაცია: სებ–ის გადაწყვეტილება არ იმოქმედებს თიბისის შემდგომ ფუნქციონირებაზე
ელენე კვანჭილაშვილი
16.02.19 13:30
• 1381
"თიბისი ბანკი" არის მოწინავე ინსტიტუტი საქართველოში და რეგიონში. მისი აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და წარმოდგენილია პრემიუმ ლისტინგში. აქედან გამომდინარე, მისი მდგომარეობა არის სტაბილური და მდგრადი", - ასეთია საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასება.
"თიბისი ბანკის" და მისი აქციონერების - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ალექსანდრე ძნელაძემ ექსკლუზიურად ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში - "ანალიტიკა" - ისაუბრა.
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, "საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს "თიბისი ბანკს". საბანკო ასოციაციის პოზიციაა, რომ "[ეროვნული ბანკის] გადაწყვეტილება არ იმოქმედებს თიბისის შემდგომ ფუნქციონირებაზე. ამის შესახებ თავად თიბისის მენეჯმენტმაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მის მიზნებს ხელს ვერ შეუშლის".
შეგახსნებთ, რომ „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ "თიბისი ბანკის" განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 15 თებერვალს მათ ოფიციალურ "ფეისბუკ" გვერდზე გავრცელდა.
"დღეს, თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა",- ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლოში ჩივილი "თიბისი ბანკმა" მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება 2 თვის ვადაში მოითხოვა. ამასთან, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში ხელმოწერის უფლება შეუჩერა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა.